სამეგრელო
დოღი სამეგრელოშიც ძალიან გავრცელებული იყო. ის გარდაცვლილი მამაკაცის წლისთავზე იმართებოდა და მასში მონაწილეობდა ყველა, ვისაც კი მიცვალებულის პატივისცემა სურდა. მარულას (საგანგებოდ ნავარჯიშევი ცხენების შეჯიბრი გრძელ 20-25 კმ-იან დისტანციაზე), წელიწადში რამდენჯერმე აწყობდნენ დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებით. დოღში და მარულაში გამარჯვებულებს დიდი სახელი და ჯილდო (დროშა, ფული, ნივთები) ელოდათ.
დღეს იშვიათად, თუმცა ადრე სამეგრელოს ყველა სოფელში გავრცელებული იყო შემდეგი სახის ჩვეულებები: ახლად დაბადებულ ბავშვს პირში ჩხიკვის ფრთას გამოუღებდა ბებია, ენას მალე ამოიდგამსო. თუ ვაჟი დაიბადებოდა, თოხზე, სახნავზე ან ნაჯახზე მოაკიდებინებდნენ ხელს კარგი მუშა გამოვაო. თუ ქალი იყო, მას თითისტარს, მაკრატელს ჩაუდებდნენ ხელში.
სამეგრელოში გავრცელებული იყო (ნოდი) ნადი, რაც გულისხმობდა შრომით დახმარებას ანაზღაურების გარეშე. თოხნის პროცესში ქალები არ მონაწილეობდნენ. ქალს მიჰქონდა საჭმელი. გავრცელებული იყო აგრეთვე "შენწოობა" შემწეობა, რომელიც გაჭირვებული ოჯახის დახმარებას გულისხმობდა. ნადის დროს ოჯახი ვალდებული იყო, სუფრა გაეშალა მონადეებისათვის. "შენწოობის" დროს მეზობლებს თავიანთი საჭმელი თვითონ მიჰქონდათ.
No comments:
Post a Comment