რაჭა
მთის რაჭაში განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის. შხელის წმინდა გიორგის სალოცავი სოფელ გლოლასთან, დიდ გაშლილ მინდორზე მდებარეობს. მთის რაჭაში არის ციხე-კოშკები და ეკუთვნის იმ საცხოვრებლის ტიპს, რომელშიც ადამიანები და საქონელი, სანოვაგის მარაგი და პირუტყვის საკვები ერთ კომპლექსშია მოქცეული.
საინტერესოა მთის რაჭის საქორწინო ტრადიციებიც. როგორც წესი, ჯვრისწერა მიღებული იყო ქალის სოფელში, სადაც სასიძო თავისი "ანქრით" (მაყრით) მიემგზავრებოდა. იქ "გვირგვინოსნებს" ასაჩუქრებდნენ ნივთებითა და ფულით. ვახშმის შემდეგ აიშლებოდნენ, პატარძალს წამობურავდნენ "ბურსეულს", შემდეგ მიჰყავდათ სიძის სახლში თოფების სროლითა და სიმღერით. იქ დედამთილი ხვდებოდა შაქრით.
ძველად მთის რაჭაში გავრცელებული იყო აკვანში "დაწინდვა" (დანიშვნა). სოფელში თუ ერთ ოჯახს ქალი შეეძინებოდა, მეორეს კი ვაჟი და ამ ოჯახებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ორმოცი დღის შემდეგ შეხვდებოდნენ ერთმანეთს წყაროზე და დანათესავებას შესთავაზებდნენ.
რაჭაში ნადირობასაც განსაკუთრებული რიტუალებით ასრულებენ. მონადირე სანადიროდ წასვლის წინ ცუდ სიტყვას არ იტყოდა, არ დალევდა. სანადიროდ ღამე ან დილით ადრე მიდიოდა და ცდილობდა გზაზე ხმა არავისთვის არ გაეცა. შემხვედრსაც არ უნდა ეკითხა, სად მიხვალო. მხოლოდ გზა უნდა დაელოცა: გამარჯვებით იარეო. არც მონადირის ცოლი ეტყოდა ვინმეს, თუ სანადიროდ იყო მისი ქმარი წასული, არც თმას გაიშლიდა და დაივარცხნიდა მის მოსვლამდე. საგზლად მონადირე დედის გამომცხვარ ხმიადს წაიღებდა. ქონიანი ან წვნიანი თან არაფერი უნდა ჰქონოდა. არც მის ოჯახში შეიჭმებოდა წვნიანი საჭმელი მის მოსვლამდე.
No comments:
Post a Comment